უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს ბახმუტზე ისაუბრა - ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არის თუ არა ქალაქი კვლავ კიევის კონტროლქვეშ, რადგან როგორც რუსეთი ამტკიცეს, ის დაიკავეს. ამაზე ზელენსკიმ უპასუხა:
"ვფიქრობ, არა... იქ არაფერია, ყველაფერი გაანადგურეს, არ არის შენობები. ძალიან სამწუხაროა, ტრაგედიაა, მაგრამ დღეს ბახმუტი მხოლოდ ჩვენს გულებშია", - განაცხადა ზელენსკიმ.
მოგვიანებით საერთაშორისო მედიებმა დაწერეს, რომ ამ პასუხით ზელენსკიმ დაადასტურა ბახმუტის აღების შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებული ცნობები, თუმცა როგორც CNN-თან უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განმარტა, ოკუპანტების მიერ ბახმუტის დაკავება ზელენსკიმ უარყო.
"ჟურნალისტის კითხვა იყო: რუსებმა თქვეს, რომ ბახმუტი დაიკავეს. პრეზიდენტმა უპასუხა: ვფიქრობ, არა", - განაცხადა სერგიი ნიკიფოროვმა.
გუშინ დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერმა ბახმუტი სრულად დაიკავა და 25 მაისს ქალაქს არმიას გადასცემენ. ეს განცხადება უარყო უკრაინამ - უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის თქმით, ვაგნერის ხელმძღვანელის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.